წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, იწვევს თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ხშირდება მაჯის ცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლილობა.

წყურვილის მიზეზი არის სისხლში მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების ჭარბი დაგროვება. უფრო ხშირად ამას იწვევს დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა. ზოგჯერ სისხლში მარილების ზედმეტი რაოდენობით დაგროვება სხვა მიზეზებითაა გამოწვეული. მაგ, მარილიანი საკვების მიღებით.

ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება წყალზე 2-3  ლიტრია. წყალი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად (დაახლოებით 1,5 ლ) განავალთან ერთად (0,2), აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს (0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს ხდის სითხის ხელახალ შევსებას. ცხელ ადგილებში, მაგ უდაბნოში ადამიანმა შეიძლება იმდენი რაოდენობით დაკარგოს წყალი, რომ მოთხოვნილებამ შეიძლება 12 ლიტრს მიაღწიოს.

შიმშილზე მეტად წყურვილის გაძლება უჭირს ადამიანს, რადგან ყველა სასიცოცხლო პროცესი ადამიანის ორგანიზმში თხევად გარემოში მიმდინარეობს. უწყლობა იძლევა გაცილებით საშიშ შედეგებს, ვიდრე შიმშილი.

ნილ კემპბელისა და ჯეინ რისის ‘ბიოლოგია’ განუმეორებელია, როგორც ბიოლოგიის ყველაზე წარმატებული        სახელმძღვანელო მსოფლიოში. მან 4 მილიონზე მეტი სტუდენტი დააინტერესა ამ დინამიური და აუცილებელი  დისციპლინით. ავტორებმა ყოველი თავი ხუთი-ექვსი დიდი იდეის კონცეპტუალურ ჩარჩოზე ააგეს. მიმოხილვა სტუდენტთა  ინტერესს იწვევს და თავის დარჩენილი ნაწილის გასაცნობად საფუძველს ამზადებს. თავის ბოლოს შესამოწმებელი კითხვები  მოსწავლეს ცოდნის შემოწმების საშუალებას აძლევს. აქვე მოცემულია კითხვა მეცნიერული კვლევისათვის, რომელიც  სტუდენტებისაგან მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების კონკრეტული თავის შინაარსთან მიმართებაში გამოყენებას  მოითხოვს – ასეთი ანოტაცია აქვს ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ამ საინტერესო წიგნს.

დაინტერესებლთათვის ვაკეთებ გვერდის კოპირებას

https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=aWxpYXVuaS5lZHUuZ2V8aWxpYWJyYXJ5fGd4OjVkNzM1ZTAzYzM5OGNhMzk

თურაშაული – ძველი ქართული ზამთრის ჯიშია. უხვმსხმოიარეა. მისი ნაყოფი მომრგვალო, სქელკანიანია, ფერად მწვანეა და გვერდები წითლად აქვს შეფერილი, ან გასდევს წითელი ზოლებად. ტკბილი და წვნიანი ვაშლია. განარჩევენ თურაშაულის კახურ, მესხურ, ქართლურ და ლეჩხუმურ ჯიშებს.
ივერია – ვაშლის ქართული ჯიშია. ეს ჯიში მიღებულია ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით. აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის, ნაყოფი (200-220გრ-მდე) წითელია, რბილობი – მოთეთროა, კიდეებში მოწითალო. კარგი სასუფრე ჯიშია. გავრცელებულია ქართლის რაიონებში.
კეხურა – ადგილობრივი ქართული ჯიშია. ნაყოფი მსხვილი ან საშუალო ზომისაა. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი და გლუვი. ძირითადი ფერი მომწვანო-მოყვითალოა, დაფარულია მუქი წითელი შეფერილობით თითქმის მთელ ზედაპირზე. გამოირჩევა მომჟავო-მოტკბო გემოთი.
ქართული სინაპი – ადგილობრივი ჯიშია. მიეკუთვნება კიტრა ვაშლების ჯგუფს. გავრცელებულია მთელს საქართველოში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, მოგრძო-ცილინდრული ფორმის. კანი მოწვანო და ოდნავ მოყვითალოა, მზის მხარეზე შეფერილია მოწითალოდ. რბილობი მომწვანო-მოთეთრო ფერისაა, საკმაოდ წვნიანია და აქვს მომჟავო გემო.
თამაშის ადგილი: ტყე, სკოლის ეზო
საჭირო მასალები: ფერადი ქაღალდები
თამაშის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ შიდა სახეობრივ კონკურენციას საკვებისთვის.  ტერიტორიის ცნებასა და მის მნიშვნელობას
თამაშის დაწყების წინ ესაუბრეთ ბავშვებს, რომ  ცხოველებს შორის არიან ისეთები, რომლებიც იკეთებენ საკვებს მარაგს. მათ რიცხვშია ციყვიც, მაგრამ ციყვებს ერთი უცნაურობა ახასიათებს. თუკი ციყვი მოხვდება სხვა ცხოველის ან სხვა ციყვის ტერიტორიაზე და მიაგნებს მარაგის ადგილს, მაშინ იგი უსინდისოდ აცარიელებს მიკვლეულ ადგილს.
დასვით კითხვა: რა მოხდება მაშინ თუკი ტერიტორიის პატრონი მოუსწრებს ქურდბაცაცას? (ტერიტორიის პატრონი ძლიერია თავის საცხოვრებელ გარემოში, ამიტომ  პატრონი არ ანებებს საკვებს და პირიქითაც ატოვებინებს კიდეც თავდამსხმელს)
თამაშის წესი: დაურიგეთ თამაშის მონაწილეებს თანაბარი რაოდენობის ფერადი ქაღალდები ანუ საკვების მარაგი.
განსაზღვრეთ სათამაშო ტერიტორია. უთხარით ბავშვებს, რომ დაყონ თავისი ,,პროდუქტები” ორ ნაწილად და დამალონ ტყეში (ან ეზოში) ორ სხვადასხვა ადგილას. კვალის ასპნევად სხვადასხვა ადგილას გააკეთონ ბუნებრივი მასალისაგან ერთგვარ მინიშნებები. (ისარი ქვებისგან, ყვავილებისგან გაკეთებული ჩარჩოები და სხვა) შემდეგ ყველანი უნდა დაბრუნდნენ წამყვანთან. მიეცით ნიშანი ბავშვებს, რომ დაიწყონ თამაში. მათ უნდა იპოვონ სხვა ციყვების საწყობები. თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიკვლეული საწყობიდან აიღოს მხოლოდ 3 (ფერადი ქაღალდი) ბარათი და შეუმჩნევლად გადაიტანოს თავის საწყობში. მიცემული ნიშნის შემდეგ ბავშვები გარბიან და ეძებენ სხვის საწყობებს. თუ ,,მასპინძელი-ციყვი” დახვადა საწყობთან ქურდბაცაცას, მაშინ მან უნდა მისცეს მთელი თავის მარაგი. (მასპინძელი ძლიერია, რადგან თავის ტერიტორიაზეა).
თამაშის ბოლოს უნდა გამოვლინდეს საუკეთესო ,, ტერიტორიის დამცველი” და საუკეთესო მოთამაშე საკვების მარაგის შენახვისთვის.

ერთად ბინადრობის თვალსაზრისით ცხოველთა სამყარო პირობითად სამ ჯგუფად იყოფა: ერთეულად მცხოვრებნი ( ვეფხვი, ჯიქი, დათვი და ა.შ.), მცირე ჯგუფებად მცხოვრებნი (ლომი, გარეული ღორი…) და კოლონიურად მცხოვრებნი. (ზღვის ლომი, ზღვის კატა, პინგვინი და სხვა)

დადგენილია ჯგუფებად ცხოვრების უპირატესობა ერთეულად ცხოვრებაზე, ვინაიდან ოჯახში სასიცოცხლო ფუნქციები მის ცალკეულ წევრებზე მეტ-ნაკლებად გადანაწილებულია. მაგ; ტერმიტებში მონადირის ფუნქციას კოლონიის ერთ-ერთი ჯგუფი ასრულებს, მცველისას – მეორე, მეკუჭნავეებისას – მესამე და სხვა. გარდა ამისა, სოციალური ანუ ჯგუფურად მცხოვრები ცხოველები განვითარების, ინტელექტის დონის მხრივაც უფრო ხშირად გაცილებით მაღლა დგანან, ვიდრე ეულად მობინადრენი.

ჯგუფურად, განსაკუთრებით კი კოლონიურად მცხოვრებ ცხოველებში ინდივიდთა რაოდენობა სხვადასხვაა – რამდენიმედან (მაგ: ლომთა პრაიდი) ათას და მეტ სულამდე (სახელდობრ, ფლამინგოთა კოლონია). ბუნებაში ხშირად ვხვდებით ბიზონთა, სპილოთა, ანდა ზღვის ნაპირზე მობინადრე სელაპთა, ზღვის ლომთა, თოლიათა, ვარხვთა და სხვა. ნადირ-ფრინველთა ასობით და ათასობით სულისგან შემდგარ კოლონიებს.როცა მათ ხმაურიან ცხოვრებას ვეცნობით, გვიკვირს, როგორ არსებობენ ასეთ ქაოსში ეს ცხოველები? როგორ არ ისრისება მოზარდი? როგორ არ ტყდება კვერცხი? სინამდვილეში, თუ კარგად დავუკვირდებით და მით უმეტეს, შევისწავლით, დავრწმუნდებით, რომ საქმე სხვანაირად არის.

კოლონიებად მცხოვრებ ცხოველთა ქცევის შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნობელის პრემიის ლაურიატს, ჰოლანდიელ პროფესორს ნიკო ტინბერგენსა და მის მოწაფეებს. მეცნიერთა გამოკვლევით დადასტურდა, რომ ამ ცხოველებში ქაოსი კი არა, პირიქით, სრული წესრიგია გამეფებული, რაც რამდენიმე მომენტზეა დამყარებული. მათ შორის უპირველესად, უნდა გამოიყოს ორი ფაქტორი – იერარქია და ტერიტორიულობა. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ პირველ მათგანზე. რას გულისხმობს ჯგუფურად მცხოვრებ ცხოველებში გამეფებული იერარქია, ანუ უფროს- უმცროსობრივი დამოკიდებულება?

გამოირკვა, რომ ცხოველთა თითოეული ინდივიდი თამვგამოდებით იცავს თავის ადგილს კოლონიაში. აქ ძირითადად, იგულისხმება მოთხოვნილება საარსებო საშუალებათა შემდეგ ტრიადაზე: საცხოვრებელ ტერიტორიაზე, საკვებსა და საპირისპირო სქესზე.

გაბატონებული მდგომარეობის ხელში ჩაგდების ერთადერთი საზომი თუ გზა – უხეში ფიზიკური ძალა ჯუნგლის კანონი გახლავთ. ამ კანონის მიხედვით, ყველაზე ძლიერს ხვდება საუკეთ ესო საცხოვრებელი ადგილი, ყველაზე კარგი საკვები და ფიზიოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი, ახალგაზრდა მდედრი. ხშირად ამა თუ იმ სახეობის ცხოველებში იერარქიის სულ ზედა საფეხურზე მამრი კი არა, მდედრია.

დღეს უკვე დადგენილია, რომ უფროს-უმცროსობის კანონი გავრცელებულია განვითარების სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ცხოველებში. თევზების ზოგიერთ სახეობაში შეიძლება შეიქმნას ,,ბატონ-ყმობის რთული ინსტიტუტი”. ეს ამ ცხოველთა მიერ თანამოგვარეების ნიშნებისა და რანგის დამახსოვრების უნარზე მეტყველებს. ფრინველებთან შედარებით თევზებში ეს უნარი ნაკლებადაა გამოხატული.

ინდოეთისა და შრილანკას ტბებში ცხოვრობს პატარა თევზი დანიო მალაბარიკუსი(danio malabaricus). თევზები პატარ-პატარ ოჯახებად ბინადრობენ. ათამდე ინდივიდისგან შემდგარ თითოეულ ოჯახში დაწესებულია მკაცრი სუბორდინაცია. თევზების ,,წესდების” მიხედვით, უფროს-უმცროსობის სულ მცირეოდენი დარღვევის შემთხვევაშიც, რანგით უფროსი ფარფლების დარტყმით სჯის უმცროსს.

ტბაში დანიოს თითოეულ ოჯახს თავისი ტერიტორია უკავია. იგი ცალკეულ ნაკვეთებადაა დაყოფილი. ყველაზე საუკეთესო ნაკვეთი ტერიტორიის ცენტრში წინამძღოლს უკავია, ყველაზე პატარა საცხოვრებელი და ისიც პერიფერიაში – რანგით ყველაზე უმცროსს. დიქტატორს ყოველთვის შეუძლია დაუსჯელად გაისეირნოს ,,ხელქვეითთა” ნაკვეთებში, უმცროსები კი უფროსის სამფლობელოში ცხვირასაც ვერ შეყოფენ.

ოჯახის თითოეული წევრი ,,რანგის” დემონსტრირებას ახდენს სხეულის მდებარეობით. უფროს თევზს წყლის ზედაპირის მიმართ თითქმის ჰორიზონტალური მდებარეობა უკავია. ყველა დანარჩენი ჰორიზონტის ხაზის მიმართ მკაცრად განსაზღვრული კუთხით უნდა იდგეს: ან თავი უნდა ჰქონდეს აწეული და კუდი დაწეული, ანდა პირიქით.

,,ჩინებსა” და ,,მედლებს” თევზები ღებულობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში. თევზები ცურავენ გასწრებაზე. საკმარისია, ერთ-ერთმა მოასპარეზემ ფინიშთან (ტერიტორიის საზღვარი) თუნდაც თავით გაუსწროს მეორეს, იგი გამარჯვებული ხდება. შეჯიბრების ფრედ დამთავრების შემთხვევაში,  მოასპარეზეები ერთმანეთს ერკინებიან, ეჯახებიან და ფარფლებს ურტყამენ. გამარჯვებული დამარცხებულს ,,უკარნახებს” რა საფეხური დაიკავოს ოჯახში.

რა თქმა უნდა, დაბალი წოდების თევზი თავის მდგომარეობას დიდი ხალისით არ ეგუება. ამიტომაც წინამძღოლი ყოველთვის თვალყურს ადევნებს ხელქვეითთა ქცევას – ამოწმებს, უკავიათ თუ არა საჭირო მდგომარეობა. თუ მდგომარეობა რომელიმე თევზმა დაარღვია, მაშიინ დესპოტი უფროსი ფარფლის დარტყმით სჯის მას.

იერარქია დადგენილია შინაურ ფრინველებში, კერძოდ ქათმებსა და ინდაურებში. ნისკარტების ბრძოლით გაბატონებული დიქტატორი მამლის ,,სამწყსოში” დაბალი რანგის მამლები ერიდებიან საკვებს, ნაკლებ ლტოლვას იჩენენ დედლების მიმართაც. ახალგაზრდა მამლებს ეს რიტუალი მეშვიდე ანდა მერვე კვირას უყალიბდებათ. დედლებს მეცხრე კვირას. საერთოდ, აგრესიული ქცევები წიწილებში გამოჩეკიდან მეორე კვირას შეინიშნება.

დასამთავრებელია …….

ყველაფერს თავის სილამაზე და მშვენიერება აქვს. მშვენიერება კი ბუნებაში ყველგან არის მაღალ მთაში და წყლის სიღრმეში, ჭაობშიც და გუბურაშიც.

ჰო და, გუბურას მივაშუროთ და კარგად დავაკვირდეთ. თუმცა გუბურას არა, ამჯერად ხეებს უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ არა საქართველოში, აქ ჩვენთან, არამედ შორეულ ამერიკაში – კონკრეტულად კი კოლუმბიაში.

გაინტერესებთ რატომ ასე შორს? შორს იმიტომ, რომ ატელოპი  ცხოვრობს იქ და მასთან შეხვედრა ჩვენ სწორედ ეხლა მოგვიწევს.

მოდით გავიცნოთ ცენტრალური ამერიკის მეხეური ბაყაყი – ატელოპი.  იგი  ერთ–ერთი ლამაზ ბაყაყთაგანია, რომლის სხეულის სიგრძე 2სმ–ს ძლივს აღწევს. იგი თავისუფლად თავსდება ჩაის კოვზში.

ატელოპის ზურგის მხარე მოხატულია წითელი, შავი, და მურა კოპლებით. მუცლის მხარე კი ყვითელია. კანის ჯირკვლის სეკრეტი შხამიანი და ასეთი ლამაზი შეფერვა სწორედ გამაფრთხილებელ ფუნქციას ასრულებს.

საინტერსო ცხოვრება აქვს ამ პატარა არსებას. იგი სარჩოს საძებრად გამოდის დღისით. იკვებება პაწია მწერებით. ბაყაყებს შორის ყველაზე ზანტია. წყალში მარჯვედ ცურავს, ხმელეთზე დარბის, ხეზე შეუძლია ცოცვა და არა ხტომა, რადგან როგორც ავღნიშნეთ ზანტია.

გამრავლების დროს ატელოპი გამოსცემს ბგერებს, რომელიც ეჟვნის წკარუნს ჰგავს. ატელოპი კვერცხებს ყრის წვიმის წყლის წუმპეებსა და ტბორებში და იმ კვერცხებიდან 24 სთ–ის შემდეგ თავკომბალა იჩეკება.

http://www.youtube.com/watch?v=cdt9dxK38Q4&feature=related

Posted by: teaele | June 27, 2010

დინოზავრები

გჯერათ თუ არ გჯერათ ისინი მაინც არსებობდნენ. ოღონდ დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის…..

უამრავი მოსაზრება და მტკიცებულება არსებობს მათ შესახებ. მიიჩნევენ საშიშ არსებებად და შესაბამისად იღებენ საშინელებათა ფილმებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერესი მათ ირგვლივ არ ცხრება, განსაკუთრებით აინტერესებთ ბავშვებს. გამოცემულია სხვადასხვა ლიტერატურა, ენციკლოპედია ილუსტრაციებით, გადაღებულია ფილმები, არა მარტო საშიში, მოკლედ დინოზავრები რაღაცნაირად საყვარელი გმირებიც კი არიან.

ჰო და, ერთად გადავავლოთ თვალი წარსულს და გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

დინოზავრები ანუ უძველესი ქვეწარმავლები მეზოზოურ ერაში ( დაახლ. 225 მლნ წლის წინ)  დედამიწაზე ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი. ისინი ცხოვრობდნენ ყველა საარსებო გარემოში –წყალში, ხმელეთზე და ჰაერში. მათი ზომები პატარიდან ძალიან დიდებამდე მერყეობდა. ყოველივე ეს გაირკვა ნამარხი ნაშთების აღმოჩენის შედეგად. ამ ნამარხების ასაკი მილიონობით წელს ითვლის. ასეთი აღმოჩენების საფუძვლეზე მეცნიერებმა აღადგინეს ამ ქვეწარმავლების ჩონჩხი. ხმელეთის დინოზავრები იყოფა მცენარიჭამია და ხორციჭამიებად.

ბრახიოზავრი

აღდგენილიდან ყველაზე დიდი ზომით არის ბრახიოზავრის ჩონჩხი. ამ ცხოველის სიგრძე 25 მეტრს, ხოლო სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა. თავისი ზომებისა და წონის მიუხედავად, ბრახიოზავრი უწყინარი მცენარიჭამია ცხოველი იყო.

სტეგოზავრი

გიგანტური და საშიში შესახედაობის იყო სტეგოზავრი ასევე მცენარეებით იკვებებოდა. ტირანოზავრი კი საშიში ხორციჭამია იყო. მისი სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა, სწრაფად დარბოდა, ეყრდნობოდა მხოლოდ უკანა ფეხებს. დაჭერილ მსხვერპლს ბასრი კბილებით.

სტენოპტერიპუსი

ხმელეთის დინოზავრების გარდა იყვნენ წყლის დინოზავრები, რომელთა კიდურებს ფარფლების მსგავსი აგებულება ჰქონდა. სტენოპტერიპუსს ჰქონდა დიდი სხეული და კარგად ცურავდა, მისი კბილებისა და ყბების აგებულებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი მტაცებლები იყვნენ.

პტერანოდონი

მფრინავი დინოზავრები ჰაერში ცხოვრებასთან იყვნენ შეგუებულნი. თითების წაგრძელებულ ძვლებსა და სხეულს შორის მათ ჰქონდათ საფრენი აპკი. საინტერესოა, რომ მათ ფრენა მხოლოდ ქარის დახმარებით შეეძლოთ. პტერანოდონი, რომელიც მფრინავი დინოზავრების წარმომადგენელია, გაშლილი ფრთებით 9მ-ს აღწევდა.

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებით ცნობილი თუ რატომ ამოწყდნენ დინოზავრები, დაახლოებით 65 მლნ. წლის წინ. მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოვლენა გლობალურ ბუნებრივ კატასტროფას უკავშირდება, რამაც გამოიწვია დედამიწის კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც ბევრი მცენარე გადაშენდა. დინოზავრებმა, რომლებსაც სჭირდებოდათ დიდი რაოდენობის საკვები, ეს ვერ გადაიტანეს. მცენარეული საფარისა და კლიმატის შეცვლა, ასევე სხვა არახელსაყრელი ფაქტორები მათი ამოწყეტისა და გადაშენების მიზეზები გახდა.

იცით თუ არა, რომ
კომბოსტოს რამდენიმე ჯიში არსებობს: თეთრთავიანი, წითელთავიანი, კოლრაბი, ბროკოლის,  ბრიუსელის. კომბოსტოს ეს ფორმები წარმოიშვა ატალტიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებზე ფართოდ გავრცელებული ველური კომბოსტოსგან. სავარაუდოდ, ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე. გაკულტურებული კომბოსტო ჯიშთა რამდენიმე ჯგუფის სახით მოჰყავს ევროპის ყველა ხალხს. დროთა განმავლობაში ველური კომბოსტოსგან ადამიანმა გამოიყვანა მრავალი სახესხვაობა. ამასთან, შეიცვალა მისი ფოთლის, ღეროს, და ყვავილედის ფორმა.
ფოთლების რაოდენობის ზრდამ, მათ მიერ ისეთი თვისებების შეძენამ, როგორიცაა ხორციანობა და თავის წარმოქმნის უნარი, მიგვიყვანა წითელთავიანი და თეთრთავიანი კომბოსტოს წარმოშობამდე.
ღეროს დამოკლებისა და გასქელების წყალობით, წარმოიშვა კომბოსტო კოლრაბი. ბრიუსელის კომბოსტოს უბის კვირტები გადაიქცნენ პატარა თავებად.
ყვავილედის ხორციანობის გაზრდის შედეგად წარმოიქმნა ყვავილოვანი კომბოსტო.
კომბოსტო შეიცავს ცილებსა და ვიტამინ-C, ამიტომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ჯანმრთელი კვებისთვის.

კვებითი ღირებულებები
100 გრ კომბოსტო 25 კალორიას,2 გრ ცილას და 4,3 გრ ნახშირწყლებს შეიცავს

კოლრაბი

ადრეული კომბოსტო, ფასდება როგორც ადრეული ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეული შაქრის მაღალი შემცველობით, მცენარე სწრაფად მწიფდება, ყინვაგამძლეა, აღმონაცენსა და ზრდასრულ მცენარეს არ ეშინია ყინვის, არ არის მომთხოვნი ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ. შუა განედზე შეიძლება გაიზარდოს ორი მოსავალი სეზონზე. ადრეული მოსავლის მისაღებად ნაყოფიერი მიწით სავსე ყუთებში გამოყავთ ჩითილები. დათესვა ისევე ხდება, როგორც კომბოსტოს შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ ჩითილები გადააქვთ ღია გრუნტში სქემით 20X25. მოვლა – რიგების გაფხვიერება და სარეველების მოშორება, მორწყვა საჭიროების მიხედვით: კოლრაბი არ არის მომთხოვნი ტენის მიმართ. საკვებად გამოიყენება ღერო, რომელიც მწიფდება გადარგვიდან 70-90 დღის შემდეგ. გემოთი გვაგონებს კომბოსტოს მურკს, მაგრამ მასზე ბევრად ნაზი და ტკბილია. ვიტამინ C –ს შემცველობით არ ჩამოუვარდება ლიმონს. საკვებად გამოიყენება უმი, მოხარშული ან მოთუშული სახით. მისგან ამზადებენ მშვენიერ სალათებსა და სუპებს. კოლრაბი ხანგრძლივად ინახება სარდაფებში და შეუძლია გაამდიდროს ჩვენი სუფრა ზამთრის პერიოდშიც.

ბროკოლი

ბროკოლი ძალიან გემრიელია და კარგი არომატიც აქვს. საუკეთესოა მისი გამოყენება გარნირად. ბროკოლი, ისევე როგორც ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგრამ ვიტამინ C-ს და კაროტინის შემცველობით მნიშვნელოვნად ჭარბობს ყვავილოვან კომბოსტოს. ბროკოლი ითვლება სამკურნალო ბოსტნეულად, მას იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს და კვების დიეტური პროდუქტია და რაც მთავარია, ბროკოლის საკვებად მიღება არის სიმსივნური პროცესების პრევენცია.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო მე-16 საუკუნეში მთელ ევროპაში გავრცელდა და თანამედროვე საკვები რაციონის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ  C ვიტამინის სადღეღამისო დოზით.

საველე სამუშაოები.

მასალის აღება ხდება გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში სხვადასხვა ადგილებიდან. შეგროვების დროს დიდი ყურადღება ექცევა ობობების ქსელის ტიპს, თავშესაფარ ბუდეს, მცენარეულობას, მწერებს _ როგორც საკვებ ობიექტს, სოროს, საკვერცხე პარკს, ბიოტოპების მიხედვით განაწილებას და ა.შ. მასალების შეგროვება ხდება უკვე ცნობილი მეთოდიკით (შიტნიკოვი, 1931; ფასულატი, 1971; ტიშჩენკო, 1971).
მასალის შეგროვება ხდება პინცეტის, ხელით, მწერბადისა და ენტომოლოგიური ქოლგის საშუალებით, ჯოხით ტოტების დაბერტყვით გამოიყენება საჭერი ორმოები და ბაუბერის მახე.
ქვებიდან, ნიადაგიდან, ნიადაგის მკვდარ საფარში მასალის შეგროვება ხდება ხელით და პინცეტის დახმარებით, ხოლო მწერბადე და ენტომოლოგიურ ქოლგა(მოცელვის, დაბერტყვის მიზნით) გამოიყენება ხემცენარეთა, ბუჩქების, ბალახების ფოთლებზე, მერქნიანთა ტოტებზე ბინადარი სახეობების მოსაგროვებლად.
ცოცხალ მასალის განთავსება ხდება 75%-იან სპირტიან სინჯარაში, უკეთდება ნომერი და ეტიკეტი დროისა და მოპოვების ადგილის აღნიშვნით.
რკვევის დროს გამოიყენება ბინოკულარული მიკროსკოპი, დიდი გადიდების ლუპა, პატარა ზომის მინის ჯამი, სადაც თავსდება ობობა ფიქსატორით, წვრილ პინცეტი და საპრეპარაციო ნემსი, მილიმეტრიან სახაზავი (ობობების სიდიდისა და მათი ცალკეული ნაწილების გასაზომად), აგრეთვე ყურადღება ექცევა სხეულის შეფერილობას, ფორმას, თვალების განლაგებას, გენიტალიების აგებულებას, ბეწვებისა და ქაცვების განლაგებას.

ობობების ლაბორატორიული დამუშავება.

მიკროსკოპული პრეპარატის დასამზადებლად საჭიროა მდედრის ეპიგინა და მამრის პალპუსი გავათავისუფლოთ ზედმეტი ქსოვილებისაგან 10% NაOH-ის ხსნარის საშუალებით. ამ ხსნარში მასალა იხარშება რამდენიმე წუთს. მოხარშული მასალა 24 საათის განმავლობაში უნდა დავტოვოთ გაცხელების გარეშე, შემდეგ კი ვრეცხავთ წყლით, დროებითი პრეპარატის დასამზადებლად ობიექტი გადაგვაქვს 70%-იანი სპირტისა და გლიცერინის ნარევში, სადაც ვაჩერებთ 30-60 წუთს, შემდეგ ვათავსებთ სუფთა გლიცერინის წვეთში, მუდმივი პრეპარატის დამზადების შემთხვევაში კი გლიცერინში მოთავსებული ობიექტი გადაგვაქვს გლიცერინ-ჟელატინში და ვაფარებდი საფარ მინას. მასალის უკეთ შენახვის მიზნით წინასწარ ვატარებთ სპირტში, შემდეგ ვამჭვირვალებთ კარბოქსილოლით ან მიხაკის ზეთით. ობიექტს ვათავსებთ სასაგნე მინაზე, ვასხამთ რამდენიმე წვეთ კანადის ბალზამს, ვაფარებთ საფარ მინას და ვაკვირდებით მიკროსკოპში.

ჰერბარიუმი [ ლათ. herba ბალახი] – სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექციაა.

ჰერბერიუმი არის საგანგებოდ შეგროვებული და სათანადო წესით გამშრალი მცენარეთა კოლექცია.
მე -16 საუკუნეში იტალიში შეიქმნა ექიმ-ბოტანიკოსისი ლუკა გინის მიერ. ეს კოლექცია აღარ არსებობს. ჩვენამდე შემონახულია მხოლოდ მისი მოწაფეების კოლექციები. მსოფლიოს ყველა ჰერბარიუმი რეგისტრირებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში “ The index Herbarium”, სადაც 168 ქვეყნის 3293 ჰერბარიუმია შესული. საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმი შეტანილია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbariorum) და მინიჭებული აქვს კოდი “TBI”.

ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმის შესახებ იხილეთ :

http://herbarium-tbi.ge/Info_Geo.htm

ჰერბარიუმის შეგროვებისა და შენახვის წესები

ექსკურსიის დროს მცენარეთა შესაგროვებლად საჭიროა საჰერბარიუმე ჩანთა ან მუყაოს ყდა. საჰერბარიუმე ჩანთაში ვათავსებთ რამდენიმე ფურცელ საშრობ ან გაზეთის ქაღალდს. იმისათვის, რომ მცენარეები ჩალაგების დროს ერთმანეთში არ აირიოს, ვაწყობთ 2-3 ქაღალდს ერთად და ვუკეთებთ ერთ საერთო ,,პერანგს”. პერანგში მოთავსებულ 2-3 ქაღალდს შორის ვალაგებთ შეგროვილ მცენარეებს და დაუზიანებლად ვინახავთ ადგილზე დაბრუნებამდე.

ბალახოვანი მცენარეების შესაგროვებლად აუცილებელია თან გვქონდეს მცენარეთა სათხრელი იარაღი – ბასრპირიანი ქაფჩა, რითაც გაადვილდება მცენარის მიწისქვედა ნაწილების ამოთხრა. ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისას საჭიროა მცენარე მთლიანად ავიღოთ, ე.ი. მას უნდა ჰქონდეს როგორც მიწისზედა (ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი), ისე მიწისქვედა ნაწილები (ფესვი,ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ტუბერი).

მერქნიანი მცენარეების (ხე, ბუჩქი) ტოტების შესაგროვებლად იხმარება სეკატორი ად დანა-სასხლავი. მათ შესაგროვებლად საჭიროა მხოლოდ ტოტები – ყვავილებითა და ნაყოფებით. მცენარის შეგროვებისას სასურველია ერთი და იგივე სახეობის მცენარის 3-4 ეგზემპლარი შეგროვდეს, რადგან მასალის სიმცირე ზოგჯერ ხელს უშლის მის შემდგომ დეტალურ გამოკვლევას.

ეტიკეტის შედგენა

თითოეული აღებული მცენარისათვის ადგილზევე ვწერთ ეტიკეტს შემდეგი შინაარსით:
ადგილდებარეობა – გეოგრაფიული პუნქტი (ქალაქი, რაიონი, სოფელი და სხვა)
მცენარის ადგილსამყოფელი – ეკოლოგიური პირობები, სიმაღლე ზღვის დონიდან, მთის ფერდობი;
შეგროვების დრო– რიცხვი, თვე და წელი;
შემგროვებელის გვარი და სახელი;

მცენარეების გაშრობის წესები
ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ საჭიროა შეგროვილ მცენარეთა გაშრობა. ამისათვის   უნდა გვქონდეს საკმაო რაოდენობის საშრობი ან გაზეთის ქაღალდი. ორად მოკეცილ მშრალ ქაღალდში ვათავსებთ მცენარეს, ვასწორებთ მის ყველა ნაწილს და ისევ ზემოდან ვაფარებთ 2-3 ად მოკეცილ საშრობ ქაღალდს. ვდებთ შიგნით ასევე მიერ დაწრელი ეტიკეტს. ამგვარად ქაღალდებში ჩალაგებულ მცენარეებს ვათავსებთ სპეციალურ საჰერბარიუმე ბადეში და ვკრავთ თოკით რაც შეიძლება მაგრად. 1-2 დღის მერე ბადეს გავხსნით და მცენარის ამოუღებლად გავშლით ქაღალდებს, რათა ჰაერმა გაუაროს, დანოტიოებულ ქაღალდებს შევცვლით მშრალით, შემდეგ ბადეს ისევ შევკრავთ. ამგვარი პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მცენარეები სულ არ გამოშრება.
სუკულენტ მცენარეებს, რომლებიც სქელი, წვნიანი ღეროებითა და ფოთლებით ხასიათდებიან გამოშრობამდე ადუღებულ წყალში ჩავუშვებთ და სწრაფად ამოვიღებთ, ვათავსებთ საშრობ ქაღალდებსა და ბამბებს შორის.
ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეების გამოშრობისას ბოლქვსა და ტუბერს ვჭრით სიგანეზე, გაშრობის შემდეგ მცენარე ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.
გამოშრობის შემდეგ იწყება სხვა ეტაპი –

,,ჰერბარიუმების დამონტაჟება”

ამისათვის საჭიროა 45X50სმ ზომის სქელი ქაღალდი;თითოეულ ასეთ ქაღალდზე უნდა დაკერდეს ან უნდა დაეწებოს მხოლოდ ერთი სახეობის მცენარე; დაკერება იწყება მცენარის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილამდე ძაფის გაუწყვეტლად.
თუ მცენარე ნაზია, მაშინ დაზიანების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დაკერების ნაცვლად წვრილად დაჭრილი ქაღალდებით დაწებდეს. დაკერების დროს მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს ადგილი ეტიკეტისთვის. ეტიკეტზე პირველ რიგში ვაწერთ მცენარის ლათინურ სახელწოდებას, შემდეგ კი სუფთად გადავწერთ შეგროვების დროს შედგენილ ეტიკეტს და დავაწებებთ ფურცლის მარცხენა მხარეზე.
მავნებლებისაგან ჰერბარიუმის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჰერბარიუმე ყუთში ვათავსებთ ნაფტალინით სავეს პარკუჭს ან შევწამლავთ მწერების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით.

Older Posts »

კატეგორიები